=1= მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა და დრო გადიოდა. ვითარცა ღვინო - ქვევრიდან ხაპში - ხაპიდან დოქში - დოქიდან ჯამში - ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში… გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა - და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი… გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდნენ, და… =2= მიუხედავად ამისა, მაინც - გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული და დღეს – შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს – ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით – თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ლალი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და… იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
ავტორი: Guest | ნანახია: (1093) დამატების დრო: (2025-07-17)
|
|
|