განთიადი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს
ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის
საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა
მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა
მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო
სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის
მოყვარეს...
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს
არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა
მხარესა:
"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო
მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!...
"ვერ
ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა
და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
"წინ მომეგებენ
ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი
ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
"გულში იფეთქა
სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად
გამიხარეო!...
"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის
ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე
მგლოვიარეო!...
"ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე
კალთა დამაფარეო...
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი
დავიბარეო:
"დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს
მიწას მიმაბარეო!...
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო
სამშობლო მხარეო!”
ავტორი: Guest | ნანახია: (926) დამატების დრო: (2025-07-18)
|
|
|